საქართველოს პირველი ეროვნული გუნდი შეიქმნა 1989 წელს, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო "ევროპის ერთა თასი", რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
ევროპის ერთა თასი [რედაქტირება]
ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშება - 2000 [რედაქტირება]
პირველი ტურნირის სტარტზე ევროპის 30 ქვეყნის ნაკრები დადგა. ისინი ფირა-აერ-მა წინასწარ დაყო ოთხ ჯგუფად. ეს ჯგუფები ევროპული რაგბის მამებმა წინა წლების შედეგების მიხედვით შეადგინეს. პირველ ჯგუფში, რომელიც უშუალოდ თასისათვის იბრძოდა მოხვდნენ რუმინეთის, ესპანეთის, საქართველოს, პორტუგალიის, ჰოლანდიის და მაროკოს გუნდები. (მაროკოელები, ისევე როგორც ტუნისელები მესამე ჯგუფში ,უკანასკნელად თამაშობდნენ ფირა-აერ-ის პირველობაზე და მათი შედეგები საერთო ჩათვლაში არ შედიოდა). ტურნირის დასკვნითი მატჩი თბილისში (საქართველო - რუმინეთი)ცენტრალურიც აღმოჩნდა. გამარჯვებული თასის პირველი მფლობელი გახდებოდა. რუმინელთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და თასი ბუქარესტს გაემგზავრა. ვინაიდან მაროკოს ნაკრები მომავალი წლიდან თავისი კონტინენტის ჩემპიონატში გადაერთვებოდა, იმ წელს პირველი დივიზიონი არავის დაუტოვებია. აფრიკელთა მიერ განთავისუფლებული ადგილი კი მეორე დივიზიონის გამარჯვებულმა, რუსეთის ნაკრებმა, შეავსო.
ევროპის ერთა თასის მეორე გათამაშება - 2001 [რედაქტირება]
თასის მეორე გათმაშებამ აჩვენა რომ, თასის ძირითდი მაძიებლები რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები არიან. თუმცა ქართველებს რუსების სახით, ძველი და მეტად პრინციპული მეტოქე გამოუჩნდათ. საბჭოთა ხანაში მეზობლები მხოლოდ საკლუბო დონეზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი ნაკრებების ჯერი დადგა. ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა გახლდათ და კრასნოდარში ქართველებმა რევანში აიღეს სოპოტში დამარცხებისათვის. ტურნირის ცენტრალური მატჩი კი შარშანდელივით მისი ბოლო შეხვედრა გამოდგა. მეტოქეებიც კვლავ იგივენი იყვნენ, ოღონდ ამჯერად ბრძოლაბუქარესტში გაიმართა. ბორჯღალოსნებმა კარპატელებსაც აუღეს რევანში და თასი თბილისში ჩამოიტანეს. ფირა-აერ-მა მსოფლიოს თასის გათმაშების გამო თვისი ჩემპიონატი ამ თასის ევროპული ზონის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციოდ გამოიყენა და ამ კლასიფიკაციას ორწლიანი ციკლით ადგენდა. ამიტომაც ამ წელს მეორე დივიზინის გამარჯვებულს (უკრაინა)მომავალ წელს პირველში თამაშის უფლება არ მისცა. თვისთავად არც პირველი დივიზიონი დაუტოვებია მის აუტსაიდერს - ჰოლანდიის ნაკრებს
2001
|
ევროპის ერთა თასის მესამე გათამაშება - 2002 [რედაქტირება]
ამ ტურნირს მსოფლიოს თასის შესარჩვი ტურნირის საკვალიფიკაციო დატვირთვაც ქონდა და გუნდები ცდილობდნენ უფრო მოხერხებული და თავისთვის სასურველი მეტოქე და კალენდარი დაებევებინათ შესარჩევი ტურნირისათვის. კვალიფიკაცია კი წინა, 2001 წლის და ამ ჩემპიონატის ქულათა ჯამით დგებოდა. ქართველები ძირითდად ამ უკანსაკნელზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა რაღა თქმა უნდა არც ერთა თასზე ამბობდნენ უარს. გადამწყვეტი მატჩი კვლავ უკვე ტრადიციული მეტოქეებს შორის გაიმართა. თბილისში ამჯერადაც რუმინელებმა იმარჯვეს და თასი კვლავ დაიბრუნეს. ქართველები მეორე ადგილზე დარჩნენ. ამ მატჩში პირველად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც ქართული რაგბის მეოხთა ლიგამ დააწესა რუმინეთ - საქართველოს საცილოდ და რომელიც ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი ჯაფარიძემ შექმნა.
ევროპის ერთა თასის მეოთხე გათამაშება - 2003/04 [რედაქტირება]
ტურნირს ახალი ჩემპიონი გამოუჩნდა. ეს პორტუგალიის ნაკრები გახლდათ. ბოლო წლებში პორტუგალიელებმა საკმაოდ მოუმატეს, თუმცა იყო ისეთი გარემოებებიც, რომელებმაც ხელი შეუწყვეს ლათინთა გაჩემპიონებას. ჯერ იყო და რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები ამ ტურნირს მსოფლიო თსისათვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავდნენ. მსოფლიო თასის დამთვრების მერე თაობათა ცვლა დაიწყო საქართველოს ნაკრებში, რომელმაც პირველად ვერ მიიღეო მონაწილეობა უშუალოდ თასისათვის ბრძოლაში. რუმინელებმა პირველ წრეში სათანადოდ ვერ შეაფასეს პორტუგალიელები და პირველად დამარცხდნენ ლისაბონში. კარპატელებს კიდევ შეეძლოთ თასის შენარჩუნება, მაგრამ ასევე მოულოდნელად დამარცხდნენ რუსეთთან, რამაც გადაწყვიტა კიდეც თასის ბედი პორტუგალიელთა სასარგებლოდ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს ტურნირი პირველად ჩატარდა ორწლიანი ციკლით, თუმცა პირველი წრის ბოლო ტურისათვის ამის შესახებ არ იცოდა არავინ: არც გუნდებმა, არც ჟურნალისტებმა და რაღა თქმა უნდა არც გულშემატკივრებმა.
ევროპის ერთა თასის მეხუთე გათამაშება - 2005/06 [რედაქტირება]
ეს ტურნირიც მსოფლიოს 2007 წლის თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად განიხილებოდა. ირბ-ს მრავალსაფეხურიანი შესარჩევი ტურნირების სისტემა საკმაო ფორას აძლევდა მაღალ ადგილებზე განლაგებულ გუნდებს. აქვე თუ გავითვალისწინებთ ირბ-ში გამეფებულ ,,უფროსთა და ნათესავთა” ფარული (მსაჯის ხელშეწყობით) დახმარების წესს, ქართველთათვის ეგებ ის მეორე ადგილიც ჯობდა პირველს, თუმცა ბორჯღალოსნებს ცდა არ დაუკლიათ თასის დასაუფლებლად. ცენტრალური მატჩი ამჯერადაც ქართველთა და რუმინელთა შეხვედრა აღმოჩნდა ბუქარესტში. მასპინძლებმა იგი მოიგეს და თასი კვლავ ბუქარესტში დააბრუნეს, ქართველებმა კი მეორე ადგილთან ერთად მსოფლიო თასის შესარჩევი თამაშების კარგი განრიგი მიიღეს და შემდგომში იგი გამოიყენეს კიდეც.
ევროპის ერთა თასის მეექვსე გათამაშება - 2007/08 [რედაქტირება]
ამ ტურნირმა თასის ახალი მოცილე დაასახელა. ეს რუსეთის ნაკრები გახლდათ. რუსებმა ორივე მატჩი მოუგეს ყველას საქართველოს გარდა. ქართველთა ყოფილმა დამრიგებელმა, კლოდ სორელმა, სულ სხვანაირად აათმაშა რუსები და შედეგიც საკადრისი მიიღო. სუსტად გამოვიდნენ რუმინელები. განსაკუთრბით მეორე წრეში, როცა უარი თქვეს ლეგიონერებზე და ახალი გუნდის შენებას შეუდგნენ. ახალი მწვრთნელით შეხვდა მეორე წრეს საქართველოს ნაკრებიც. ავსტრლიელი თიმ ლეინი ხელხვავიანი გამოდგა. მან სულ ექვს მატჩში უხელმძღვანელა ბორჯღალოსნებს და ორი თასი მოიგო. პირველი, ანთიმოზ ივერიელის თასი, თბილისში რუმინელთა ძლევის, ხოლო მეორე, ევროპის ერთა თასი, კრასნოიარსკში, თოვლიან მოედანზე რუსთა გაბიაბურების შემდეგ იქნა მოპოვებული. ამავდროულად ლეინი და მისი თანაშემწეები, ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე გეგმაზომიერად აძლევდნენ ახალგაზრდებს თავის გამოჩნის საშუალებას. ასე რომ, საფრანგეთის მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა წარმატებით გააგრძელა და მეორედ დაეუფლა ევროპის ერთა თასს.
2007/2008
|
ევროპის ერთა თასის მეშვიდე გათამაშება - 2009 [რედაქტირება]
2009
|
მონაგარი(1989-2009 ) [რედაქტირება]
მონაგარი
|
მწვრთნელები [რედაქტირება]
- დავით კილასონია
- თემურ ბენდიაშვილი
- დუგლას კავთელაშვილი
- გურამ მოდებაძე
- კლოდ სორელი
- მიხეილ ბურძგლა
- მალხაზ ჭეიშვილი
- დავით ჩავლეიშვილი
- პაატა ნარიმანაშვილი
- ტიმ ლეინი
კაპიტნები [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
საქართველოს რაგბის კავშირი (Georgia Rugby Union ) (ქარ. ინგლ.)
ონლაინ მაღაზია(ქართული ატრიბუტიკით) - Geo Rugby Shop
