Wednesday, June 2, 2010

შერკინება


შერკინება ინიშნება მაშინ, როდესაც თამაში უნდა გაგრძელდეს წესების დარღვევის შემდეგ. თითოეული გუნდიდან შერკინებაში მონაწილეობენ ფორვარდები, რომლებიც სამ ხაზად არიან განლაგებული. პირველი ხაზის შუაში დგება კვაჭი (ნომერი 2), რომლის მარცხნივ და მარჯვნივ დგებიან ბურჯები (მარცხნივ 1, მარჯვნივ 3). ისინი მჭიდროდ ეკვრებიან ერთმანეთს. მათ უკან დგებიან მეორეხაზელები, რომელთა თავები კვაჭისა და ბურჯების სხეულებს შორის არის მოქცეული და ისინი მთელი სხეულით აწვებიან წინ. მათ უკან კი დგებიან მესამეხაზელები.

ორი გუნდის ფორვარდები დგებიან ერთმანეთის პირისპირ ერთი ხელის გაწვდენაზე. პირველი ხაზი იხრება მოედნის პარალელურად და მსაჯის ბრძანების შემდეგ ეჯახება და აწვება ერთმანეთს. ამ დროს იმ გუნდის მოთამაშე (როგორც წესი, 9 ნომერი), რომლის სასარგებლოდაცაა დანიშნული შერკინება, ბურთს აგდებს შერკინების შუაში. ორივე გუნდი ერთმანეთს აწვება და ორივე კვაჭი (ზოგჯერ ბურჯებიც) ცდილობს, ფეხით გადააგოროს ბურთი თავისი გუნდის მხარეს. ამის შემდეგ გუნდმა, რომელიც უპირატესობას მოიპოვებს, შეიძლება ბურთი ან მაშინვე გამოიტანოს შერკინებიდან და წამოიწყოს შეტევა, ანდა (თუკი ეს შესაძლებელია) მოწინააღმდეგეს ჯერ რამდენიმე მეტრით დაახევინოს უკან და შემდეგ შეუტიოს. როგორც წესი, გუნდი იგებს საკუთარ შერკინებებს.

შერკინება რაგბის მატჩის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავე დროს სახიფათო (ტრავმების თვალსაზრისით) კომპონენტია, რადგან მოთამაშეებზე, განსაკუთრებით პირველხაზელებზე ძალიან დიდი ზეწოლა მიდის. როგორც წესი, თანამედროვე პროფესიონალურ თამაშებში თითოეული გუნდის მორაგბეთა საერთო მასა შერკინებისას 800 კილოგრამს აღემატება. ამიტომ არსებობს მრავალი წესი, რომელიც არეგულირებს შერკინებას და უმრავლესობა სწორედ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარეობს.

No comments:

Post a Comment