საქართველოში რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა. პირველი ქართული კლუბი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა იმიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. პირველი შეჯიბრება, თბილისის პირველობა;ოთხი გუნდის მონაწილეობით გაიმართა 1962 წელს. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა.
1963 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა პირველი საკავშირო ტურნირი – პროფკავშირების პირველობა, რომელშიც თბილისის “განთიადმა” III ადგილი დაიკავა. 1966 წელს გიორგი ყუფარაძისა და შალვა ქურციკიძის თაოსნობით ქუთაისში დაარსდა რაგბის პირველი კლუბი – “დინამო”. 1966 წელს სსრ კავშირის პირველ ჩემპიონატში თბილისის “დინამო” (მწვრთნელი – გივი მრელაშვილი) II ადგილზე გავიდა. 1967 წელს გაიმართა პირველი უცხოური გუნდის, საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირის ნაკრების ტურნე საქართველოში. ამავე წელს პირველმა ქართულმა გუნდმა მოაწყო ტურნე უცხოეთში (თბილისის “დინამო”, 3 გამარჯვება პოლონეთში).
1967 წელსვე ჩატარდა საქართველოს I ჩემპიონატი.
1968 წელს თბილისის “ლოკომოტივმა” III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 78, 81), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. 1980-იან წლებში ქართულ და საბჭოურ რაგბიში ლიდერობდა ქუთაისის “აია”. გუნდმა ჯერ სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა (1984) და ბრინჯაოს (1985) მედლები მოიპოვა, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ (1987, 88, 89) გახდა სსრკ ჩემპიონი, ორჯერ კი თასის გათამაშებაში გაიმარჯვა (1987, 90). სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ საქართველოს მორაგბეები: თამაზ მგელაძე, ვლადიმერ აბაშიძე, მიხეილ თუშიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ჯვარიძე, დავით კილასონია, მიხეილ ხარშილაძე, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ ღიბრაძე, ნუკრი წერეთელი, ვლადიმერ პეტუხოვი, რამაზ სანებლიძე, ოლეგ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე ნაჭყებია, ბესარიონ ლილუაშვილი, თენგიზ ტურძელაძე, სერგო უგრეხელიძე, ნუგზარ ძაგნიძე, მამუკა ლოსაბერიძე, მალხაზ ჭეიშვილი, ზაზა ბაკურაძე.
No comments:
Post a Comment